საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ევროკავშირის მედიაციით განახლებულ მოლაპარაკებებში მათი ხედვები და პოზიციებია ხაზგასმული, რესპუბლიკური პარტიაც არ უერთდება.
პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე საზმაუ-სთან განმარტავს, რომ პარტიის პოზიცია იმ წინაპირობებმა განაპირობა, რომელიც, მისი თქმით, პარტიების ერთობლივ ტექსტშია წამოყენებული. მისი თქმით, შეთანხმებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მედიატორებს ოპოზიცია "წინაპირობებითა და საჯარო განცხადებებით" არ დახვდეს.
"მთავარი საკითხი არის ის, რომ წარუმატებლობის შემდეგ, ევროკავშირმა გადაწყვიტა და ამას მხარს უჭერს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ც, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს და მედიატორი დანიელსონი უახლოეს დღეებში, თუ არ ვცდები ხვალ, უკვე აქ იქნება და განახლდება მოლაპარაკებები. ასეთ სიტუაციაში წინაპირობებით საჯარო განცხადების გაკეთებას არ ეთანხმება რესპუბლიკური პარტია და ამიტომ, ამ განცხადებას არ უერთდება.
მთავარი ამ პროცესში არის, რომ ყველა პირობაზე, ყველა შესაძლებლობაზე ილაპარაკონ, ვილაპარაკოთ მაგიდასთან და ისე გავაკეთოთ განცხადებები და არა წინაპირობებითა და საჯარო განცხადებებით დავხვდეთ მედიატორს, რომელსაც ძალიან სერიოზული რაუნდები აქვს ჩასატარებელი, რათა შეთანხმება შედგეს და ამ ქვეყანამ სტაბილურ, ნორმალურ გარემოში გააგრძელოს ფუნქციონირება. რესპუბლიკელები ვთვლით, რომ ამ პროცესში წინაპირობებით საჯარო განცხადებები არ არის სწორი, მოლაპარაკებების წინ", - ამბობს სამნიძე.
პარტიების ერთობლივ განცხადებას არ შეუერთდა გიორგი ვაშაძის სტრატეგია აღმაშენებელიც. პარტიამ წერილის სულისკვეთება გაიზიარა, თუმცა განმარტა, რომ წერილის გამოქვეყნება ტაქტიკური შეცდომაა.
განცხადებას ხელს აწერენ:
- ზურა ჯაფარიძე – გირჩი – მეტი თავისუფლება
- ლელო
- ელენე ხოშტარია – დროა
- ევროპული საქართველო
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
- პარტია პროგრესი და თავისუფლება
- მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
- ეროვნულ-დემოკრატიული პარტია